დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით იცვლება.
როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ორშაბათიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში მირთმევის ნაცვლად სახლში გაატანენ.
„როგორც იცით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რიგი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შეზღუდვა მოხდა. ქალაქ თბილისის მერიამ შეზღუდა იმ ტიპის სერვისების მიწოდება, რომელიც ხალხმრავლობასთან და ვირუსის გავრცელების დამატებით რისკებთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. ჩვენ შეზღუდვების პირველი ტალღის გამოცხადებისას წინმსწრებით დავაანონსეთ, რომ მუშავდებოდა დამატებით გასატარებელი სხვა ღონისძიებებიც, რომელთაც დღეს გაგაცნობთ. ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება შეეხება უფასო სასადილოებს, სადაც დაგეგმილია მომსახურების წესები დროებითი ცვლილება.
პირველ რიგში, ორშაბათიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკისგან; ამასთან, ცხადია გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღური დეზინფექციას და სტერილიზებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით; სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით; სასადილოს/ საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი; საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი; განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც “თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით; ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას”, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული წესები დროებითია.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესები დროებითია და ყველა ბენეფიციარი, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კვლავ უწყვეტად და ყოველდღიურად მიიღებს კუთვნილ საკვებს, უბრალოდ დროებით, უფასო სასადილოები, ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ და უზრუნველყოფილი იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არის აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი (სოციალურად შეჭირვებული) მოქალაქეების დამატებითი რისკებისგან დასაცავად.
ბუნებრივია მუნიციპალიტეტის მერია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ ცვლილებების განხორციელების გამო, ამ მომსახურებით მოსარგებლე არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არ შეექმნება თავისი კუთვნილი საკვების მიღების პრობლემა და პირიქით, მერიის მხრიდან, ამ რთულ პერიოდში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ გამოვლენილი იქნება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მზრუნველობა”, - განაცხადა კალაძემ.