მიმართვა სავაჭრო ობიექტებს - „მომწოდებლებს და რითეილ სექტორს აკისრიათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“

„მომწოდებლებს და რითეილ სექტორს აკისრიათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“ - ამის შესახებ, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„ასოციაცია პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების/შეკავების მიზნით, საცალო სავაჭრო ობიექტებს (ქსელურ მარკეტებს) მოუწოდებს გაითვალისწინონ ვირუსული ინფექციის გავრცელებით ქვეყანაში და საზღვრაგარეთ შექმნილი ვითარება და მომწოდებელ კომპანიებთან (ადგილობრივი მწარმოებლები/იმპორტიორები) ხელშეკრულებების განახლებისას, ამ ეტაპზე არ მოახდინონ კომერციული პირობების გაზრდა და მომწოდებლების კაბალურ პირობებში აღმოჩენა, რომელმაც შესაძლებელია დაამძიმოს მომწოდებლების ფინანსური მდგომარეობა და ასახვა პოვოს მომხმარებელზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მომწოდებლებს და რითეილ სექტორს აკისრიათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხარებელთა ინტერესი და ხელი შეეწყოს ფასების სტაბილურობას, რომელიც ლარის დევალვაციის შედეგად განიცდის ცვლილებებს,“-ნათქვამია განცხადებაში.

თაია არდოტელი