ნიუ-იორკში არალეგალურად მყოფი ქართველები განსაკუთრებით იმით ინტერესდებიან, როგორ იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დასჭირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ-იორკის მერის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება ნიუ-იორკში მცხოვრები ყველა პირისთვის მიუხედავად მათი საიმიგრაციო სტატუსისა და იმისა, აქვთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა.
გენერალური კონსულის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ამოქმედდა ცხელი ხაზის ორი დამატებითი ნომერი და საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღონ.
„გუშინ ნიუ-იორკში მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მეტი ძალისხმევით იმოქმედოს მოცემულ სიტუაციაში და უკეთესად გაუმკლავდეს კრიზისს, უფრო მეტად აქვს ხელი გახსნილი, რომ მეტი ფონდი, მეტი რეზერვი აამუშავოს. ქართული დიასპორა ძირითადად სამ შტატში - ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში და პელსინვანიაშია - დასაქმებული. რა თქმა უნდა, სრული კომუნიკაცია გვაქვს ყველა დიასპორულ ორგანიზაციასთან, სოციალურ ქსელებთან, აქტიურ ადამიანებთან. ავამოქმედეთ ცხელი ხაზის ორი დამატებითი ნომერი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 საათის განმავლობაში დაგვირეკონ და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
არალეგალურად მყოფი პირები განსაკუთრებით ინტერესდებიან იმით, თუ როგორ იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დასჭირდებათ. ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ჯანდაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება ნიუ-იორკის ყველა მცხოვრებლისთვის მიუხედავად მათი საიმიგრაციო სტატუსისა და იმისა, აქვთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა. მერის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი დაზღვევა, უნდა მივიდეს სპეციალურ საავადმყოფოებში, სადაც მათ არ დაუსვამენ კითხვას მათი საიმიგრაციო სტატუსის შესახებ. რაც შეეხება ტესტირებას, ოჯახის ექიმის ყოლის შემთხვევაში მას უნდა მიაკითხო და იგი გადაწყვეტს, გჭირდება თუ არა ტესტის გაკეთება. თუ მკურნალი ექიმი არ გყავს და გაქვს გრიპის ნიშნები, მიდიხარ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში და ადგილზე ფასდება ტესტის გაკეთების აუცილებლობა,“ - განაცხადა დიანა ჟღენტმა.
მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების ტენდენცია საკმაოდ მზარდია და მოლოდინია, რომ უფრო მეტი იქნება. კონსულის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების 82 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, დიანა ჟღენტის განცხადებით, მათი რაოდენობა 41-ია.
„ზრდის ტენდენცია დიდია და ელოდებიან, რომ უფრო მეტი იქნება. დღევანდელი მდგომარეობით დამატებით 82 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მერმა განაცხადა, უფრო აქტიური ზომების მიღება ქალაქში არ იგეგმება. რაღაც შეზღუდვები დაწესებულია, მაგალითად ბევრი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა, რესტორნებს, კლუბებს, სადაც 500 ადამიანის შეკრება იყო შესაძლებელი, მითითება მიეცათ, რომ ეს რაოდენობა განახევრდეს. უფრო მკაცრი ზომების შემოღება, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმება, კომენდატის საათის დაწესება, საჯარო სივრცეებში ხალხის შეზღუდვა, განიხილება როგორც საბოლოო უკიდურესი საშუალება და მსგავსი ზომების მიღება ალბათ, სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოხდება,“ - განაცხადა დიანა ჟღენტმა.
რაც შეეხება ნიუ-იორკში მყოფ ქართველ სტუდენტებს, გენერალური კონსულის ინფორმაციით, საკონსულოსთან კომუნიკაცია ორ მათგანს ჰქონდა, რომელთაგან ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სემესტრის დასრულებამდე რჩება, ხოლო მეორე საქართველოში ხვალ გამოფრინდება.
„რამდენიმე ქართველი სტუდენტი დაგვიკავშირდა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში არიან. უნივერსიტეტები ძირითადად იკეტება, ზოგი მათგანი 1 თვით, ხოლო ზოგი - სემესტრის ბოლომდე. საერთო საცხოვრებლები, რომლებიც უნივერსიტეტებთან არსებობს, საერთაშორისო სტუდენტებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, თუმცა თუ მგზავრობა შეუძლებელია, მაშინ ამ საერთო საცხოვრებელში დარჩენის საშუალებას აძლევენ. ერთ-ერთ ქართველ სტუდენტს დავეხმარეთ ადმინისტრაციასთან ამ საკითხის გარკვევაში და მას დატოვებენ იმ პერიოდამდე, სანამ ამას სემესტრი ითვალისწინებდა. გვქონდა მეორე ქართველი სტუდენტის შემთხვევაც, რომელსაც სამგზავრო ბილეთის გადაცვლაში დავეხმარეთ და უკვე ხვალ გამოემგზავრება საქართველოში,“ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა.