„კორონომიკა“ - გაჩნდა ახალი ტერმინი, რადგან ეკონომიკაში ხდება ისეთი რამე რომელიც ეკონომიკით არ არის გამოწვეული“ - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ზიანს მიიღებს საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსისგან. ის მოვლენა, რასთანაც გვაქვს საქმე, არ არის ქართული მოვლენა, მეტიც ის პრობლემა რასთანაც დღეს ეკონომისტები დავდექით, ძირში არ არის ეკონომიკური. საქმე ის არის, რომ ყველა წინა კრიზისის გენერირება ეკონომიკის წიაღში ხდებოდა, ამიტომ ეკონომისტების სხვადასხვა რეკომენდაციები იმ ცოდნას ეფუძნებოდა საიდანაც ეს კრიზისი გენერირდებოდა. ეს კრიზისი თვისობრივად განსხვავებულია. შეიძლება ითქვას რომ დღეს ეკონომიკა სრულად არის მედიცინის მძევალი. ეკონომისტებში ახალი ტერმინიც კი გაჩნდა - „კორონომიკა“, იმიტომ რომ ეკონომიკაში ხდება ისეთი რამე, რომელიც ეკონომიკით არ არის გამოწვეული.
რაც შეეხება ეკონომიკაზე გავლენებს, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე თუ - სად გაუჭირდება ქვეყანას ყველაზე მეტად. პირელი უკვე გაუჭირდა ტურიზმში, ამან ასახვა ჰპოვა ავიგადაზიდვებში, გარდა ამისა, რადგან მსოფლიოში კრიზისია გაჩერებულია საწარმოები, იქ დასაქმებული ადამიანის შემოსავლები მცირდება და მათ შორის მცირეა საქართველოს იმ მოქალაქეთა შემოსავლები, ვინც საზღვარგარეთ არის დასაქმებული, ამიტომ ფულადი გზავნილებიც უნდა შემცირდეს. ცალკე პრობლემაა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რადგან კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი თავისუფალი რესურსები, რომელიც ინვესტიციურ რესურსად შეიძლება ტრანსფორმირდეს, ცოტაა,“-განაცხადა პაპავამ.