ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს

საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1-ელი მარტიდან შევა ძალაში, – ამგვარი რეკომენდაციით ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა.

საბჭოს სხდომა გუშინ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელზეც საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ეკონომიკურ საბჭოზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტი "ახალი აბრეშუმის გზა", რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.