კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:
წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.აღსანიშნავია, რომ აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.
გარდა ამისა, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია და უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყნაში შეუფერხებელი შესვლა.
შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.