,,არემჯი“ დისტანციურ მუშაობაზე გადადის

კომპანია „არემჯი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და 16 მარტიდან COVID 19 კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაჰყავს.

კომპანიაში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეიზღუდა მივლინებები და ბიზნეს-მოგზაურობები.

დღეს კომპანიის კაზრეთის ოფისში ჩატარდა კომპლექსური სადეზინფექციო სამუშაოები. პროცესი ეტაპობრივად ჩატარდება საწარმოო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტზე. ადმინისტრაციულ და საწარმოო შენობა-ნაგებობში განთავსდა სადეზინფექციო დისპენსერები, გაიკრა საინფორმაციო პოსტერები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გასაცნობად.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენთან დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოების დაცვაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში დაფიქსირებული კორონავისუსის შემთხვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება თანამშრომების ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიყვანოთ. ასევე მიღებულია მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ოფისებში პერიოდულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში პერსონალს დაურიგდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.