მაია ცქიტიშვილი  - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

როგორ ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას სრულად აკონტროლებს.

„მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით აწყდება, საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. იცით, რომ გვყავს 30 პაციენტი. ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდში. ვიღებთ თითოეულ იმ ზომას, რომელიც საჭიროა ვირუსის მაქსიმალურად შესაზღუდად და მისი გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, აუცილებელი პროდუქტების მოწოდებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.