ცქიტიშვილი -  პროდუქტებთან დაკავშირებით ქვეყანაში არანაირი შეფერხება არ არის - ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო მარაგის პრობლემა არაა და ყველა სავაჭრო ქსელი რამდენიმეთვიანი მარაგითაა უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც პრემიერი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები ესწრებოდნენ.

„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ არის არანაირი შეფერხება პროდუქტების, სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი. ჩვენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რომ ეს მარაგები უზრუნველყოფილი იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს არავითარი საფუძველი არ გვაქვს პანიკისთვს და იმ მომატებული მოთხოვნისთვის, რომელსაც ვხედავთ“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.