მსოფლიო ეკონომიკა და კორონავირუსი - სექტორები, რომლებიც ვირუსმა დააზარალა

კორონავირუსის ეპიდემიამ და ვირუსის მსოფლიოს 149 ქვეყანაში გავრცელებამ საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის უმეტეს დარგზე უარყოფითად იმოქმედა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნეგატიური ეფექტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

კორონავირუსმა მსხვილი ბანკებით დაწყებული და ტურიზმით დამთავრებული, ეკონომიკის არაერთი სექტორი დააზარალა. ამასთანავე, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების კლებამ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიც კი გადაფარა. თუმცა, რამდენიმე კომპანიამ კორონავირუსის გავრცელების შედეგად მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა.

კორონავირუსით დაზარალებული სექტორების ჩამონათვალი ასეთია:

საფონდო ბირჟები

ბოლო 1 კვირის განმავლობაში მსოფლიოს მთავარ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები რეკორდულად დაეცა და ზოგიერთ შემთხვევაში 2008 წლის ეკონომიკური კრიზისიც კი გადაფარა.

BBC-ის ინფორმაციით, 13 მარტს იაპონური Nikkei-ინდექი 25%-ით, ამერიკული Dow Jones-ის 26%-ით, ხოლო ბრიტანული FTSE 28%-ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო Dow Jones-ის მსგავსი მასშტაბის ვარდნა ბოლოს 1987 წელს ჰქონდა.

მსოფლიოს მასშტაბით საფონდო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა მოსახლეობაში არსებულმა პანიკამ გამოწვია.

ნავთობის ფასი

კორონავირუსის გამო მნიშვნელოვნად დაეცა ნავთობის ფასიც, რაც ჩინეთში საწვავზე მოთხოვნის შემცირებამ გამოწვია. გასულ კვირას ნავთობის ფასი 42%-ით დაეცა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3.7%-ით გაიზარდა და ბარელზე 34.46 აშშ დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ეკონომიკური ზრდა

კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზეც. ექსპერტების ვარაუდით, 2020 წლის ბოლომდე მსოფლიო ეკონომიკა საშუალოდ 2.4%-დან 2.9%-მდე გაიზრდებოდა. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე ისინი ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური ზრდა 1.5%-მდე დაეცემა, რაც წარმოუდგენელ ზარალს წარმოადგენს.

სპეციალისტები აქვე აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსი და არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შემცირდეს.

მოგზაურობა/ტურიზმი

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, რამდენიმე ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვა გადაწყვიტა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის საზღვარი მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ ჩაკეტა.

ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის ქვეყნებს აშშ-ში ტურისტული მიზნით შესვლა აუკრძალა. ავსტრიამ კი ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით იტალიასთან საზღვარი ჩაკეტა.

ამ ყოველივემ მსოფლიო ტურიზმის მკვეთრი კლება გამოწვია. BBC-ის ინფორმაციით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზია-წყნარი ოკეანის მიმართულებით ტურიზმი 98%-ით, ევროპის 31%, აფრიკის 22.6%, ხოლო აშშ-ის 37%-ით შემცირდა.

ბინების გაქირავება და ავიაკომპანიები

ტურისტული ვიზიტების შემცირებამ მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სფეროს დიდი ზარალი მიაყენა. მილიონობით ადამიანი, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, დროებით შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.

ასევე უზარმაზარი ზარალი აქვთ ავიაკომპანიებს. ათასობით ავიარეისის გაუქმებისა და საზღვრების დაკეტვის შედეგად მათი მათი ზარალი მილიარდებს აღწევს.

გაყიდვები

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ნივთსა თუ ტექნიკაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მაგალითად, ჩინეთში ავტომობილების გაყიდვა 92%-ით შემცირდა. ასევე სერიოზული დანაკლისი განიცადეს მობილურებისა თუ სხვადასხვა ტექნიკის მწარმოებლებმა.

იმ ქვეყნებში კი, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რიგი მაღაზიები მთლიანად დაიხურა. მაგალითად, იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გამო კაფეები, რესტორნები და არასასურსათო მაღაზიები მთლიანად დაიხურა. ესპანეთში კი, ისეთი ბრენდების მაღაზიები, როგორებიცაა „ზარა“, „მასიმო დუტი“ და „ფულ ენ ბეარი“ დროებით დაიკეტა.

ვინ ნახა სარგებელი

კორონავირუსის შედეგად კომპანიების უმეტესობამ მნიშვნელოვნად იზარალა, თუმცა მომსახურების სფეროში დასაქმებულმა კომპანიებმა სარგებელი ნახეს.

მაგალითად KFC-მ, McDonalds-მა, Bolt-მა და სხვა კომპანიებმა, რომლებსაც საკურიერო მომსახურება აქვთ, ბოლო დღეების განმავლობაში გაყიდვები გაზარდეს.

გარემოს დაბინძურება შემცირდა

მიუხედავად კორონავირუსის უარყოფითი შედეგებისა, ბოლო თვეების განმავლობაში პლანეტაზე ჰაერის დაბინძურება შემცირდა, რაც დიდწილად ჩინეთში ფაბრიკა-ქარხნების შეჩერებითა და წარმოების მნიშვნელოვნად შეფერხების შედეგია.

ბექა ბერიაშვილი