ბილ გეითსი Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეითსი, რომელიც კორპორაცია Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოდან წავიდა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის მიერ გავცრელებული განცხადებიდან ირკვევა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეითსმა გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს ქველმოქმედებას, ასევე მსოფლიო ჯანდაცვას, განათლებასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელშიც ის სულ უფრო აქტიურად არის ჩართული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გეითსი კვლავინდებურად დარჩება მრჩევლად ტექნიკურ საკითხებში Microsoft-ისა და მის სხვა ხელძღვანელებისთვის. კომპანიის ხელძღვანელი კი ამ დროისთვის არის სატია ნადელა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2008 წლის ივნისიდან, გეითსმა შეიმცირა კომპანიაში მუშაობის დრო, რათა მეტი ყურადღება დაეთმო საქველმოქმედო ფონდისთვის, რომელიც მეუღლესთან ერთად აქვს დაფუძნებული. ამავე განცხადების თანახმად, კომპანიის დირექტორთა საბჭოში ამ მომენტისთვის 12 წევრია.

სოციალურ ქსელ LinkedIn-ში გეითსმა ასევე დაწერა, რომ ტოვებს დირექტორთა საბჭოს უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდში Berkshire Hathaway. როგორც მან დაწერა „Microsoft და Berkshire Hathaway-ს ასეთი ძლიერი ხელძღვანელობა არასოდეს ჰყოლია, ვიდრე ახლა ჰყავს, შესაბამისად, ეს წასვლისთვის კარგი დროა“.

კოკა კვირკველია