დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძის ინფორმაციით, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ.
როგორც კასრაძე სოციალურ ქსელში წერს, ტურისტებმა ეს ინფორმაცია მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.
„ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, - წერს კასრაძე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.