ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, რომელიც პენსიონერთა და რისკ-ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მთავრობას მოუწოდებს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, რომელიც პენსიონერთა და რისკ- ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული. დეპუტატი ასევე ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, ხარჯვითი პოლიტიკის გაძლიერებას, ჯანდაცვის სისტემის გადააზრებას, ბანკებთან დამოკიდებულების შეცვლას და საგარეო ვალის აღებას ურჩევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა მთავრობამ გაითვალისწინოს რამდენიმე რეკომენდაცია. კორონავირუსის კრიზისმა აჩვენა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში არ არის მომზადებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდი დანაშაული რაც მოხდა თავის დროზე, ეს იყო ჯანდაცვის კომერციალიზაცია და პრივატიზაცია. პაატა იმნაძე არ უნდა ეხვეწებოდეს კლინიკებს, რომ მათთან ითანამშრომლონ და ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა გადავიაზროთ. მეორე - არსებობენ რისკ-ჯგუფები, განსაკუთრებით პენსიონრები, რომელთაც არავინ ჰყავთ, ვინც საკვებით, მედიკამენტით უზრუნველყოფს, ამიტომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ის ადამიანები, ვინც დასაქმდებიან, ასეთ ოჯახზე, პენსიონერზე და სხვა რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებზე ორიენტირებული იქნებიან, რომ მათი საჭიროებები უზრუნველყონ. სარესტორნო და ტურიზმის სექტორში, მიუხედავად მთავრობის მოთხოვნისა, რიგი სამუშაო ადგილები უნდა შენარჩუნებულიყო, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. კიდევ რა უნდა გაკეთდეს? უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებაზე. ისინი არიან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, ამიტომ დღესვე მთავრობამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი გამოსახლებაზე. სოციალური სერვისის მიმწოდებლები აუცილებლად უნდა იყვნენ აღჭურვილნი ჰიგიენის ყველა საშუალებით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ეკონიმიკის სტიმულირებას, ნაცვლიშვილის თქმით, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა დიდ რეგიონში, სადაც არ არის მუნიციპალური საავადმყოფო, უნდა დაიწყოს მათი მშენებლობა მყისიერად. „ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და შემდგომში ქვეყანა უნდა გადავიდეს მართლაც საყოველთაო ჯანდაცვაზე, რადგან კიდევ ვიმეორებ, ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება, არამედ ის არის ადამიანის უფლება.

რაც მთავარია - უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, რადგან არ ვიცით კორონავირუსი რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტის და სხვა საჭიროების თვალსაზრისით ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, ამიტომ ჩვენ უნდა დავხვდეთ მომავალ კრიზისს მომზადებული და უზრუნველვყოთ ჩვენი საკუთარი სასურსათო უსაფრთხოება. შესაბამისად, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გეგმა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მანვე ხაზი გაუსვა ბანკებთან ურთიერთობის საკითხს.

„კიდევ ერთი საკითხი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, ეს არის ბანკებთან დამოკიდებულების შეცვლა, ბანკების კეთილ ნებაზე ვერ იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, მთავრობამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი იმ სესხებზე, სადაც ფიზიკურ პირებს ძირი დაფარული აქვთ და გადასახდელი აქვთ მხოლოდ პროცენტი. რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს კრიზისი, მთავრობამ თავი უნდა დაანებოს ლიბერალურ დამოკიდებულებას და ლიბერალური პოლიტიკის საფუძველზე ეკონომიკაში ჩარევის მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის მხოლოდ და მხოლოდ გადასახადების შემცირება და სხვა ფისკალური მექანიზმები, არამედ მან უნდა გააძლიეროს ხარჯვითი პოლიტიკა. ამ ღონისძიებების განსახორციელებად თუ საჭიროა მთავრობამ უნდა აიღოს საგარეო ვალი, ბევრი არ იქნება ამისთვის საჭირო, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მზად იქნებიან ამისთვის და ამის ფონზე მოხდება ლარის კურსზე ნაკლები დაწოლა,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.