2014 წლის სექტემბერი 501 761 ვიზიტით განისაზღვრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შსს-ს ცნობით, 2014 წლის სექტემბერი 501 761 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე - 2 %-ით ნაკლებია.რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 187 595 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 1 760 748 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10%); ტრანზიტი - 827 805 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%); სხვა - 1 599 042 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,4%).

შსს-ს ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-6%), აზერბაიჯანიდან (+13,8%), სომხეთიდან (+2%), რუსეთიდან (+0,05%) და უკრაინიდან (+1,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–სექტემბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 81%, 36%, 23% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (38%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 49% მატებით.