ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ტურისტს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამთო კურორტების ადრე დახურვის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ მიზეზი ჩეხი მოქალაქეა, რომელსაც გუდაურში ყოფნისას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ კარგად დავინახეთ, პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დღემდე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია. ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 8 მარტს როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა. მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან, სადაც იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი, რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე ვაწესებთ შეზღუდვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს, რომ არ დამალა და სრულიად აღწერა მარშრუტი, სადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იმყოფებოდა“, - აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.