"ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვს"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა.

"ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა მოხდეს სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება. მინდა, გავაფრთხილო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა დაცულია და ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები რისკჯგუფში უკვე აღარ არიან. 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა გრძელდება. ეს რიცხვი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ამ 30-დან 3 ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომატიკა", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მათ კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ.