ნათია თურნავას განცხადებით, კვების ობიექტები მეტნაკლებად მომზადებული არიან იმისთვის, რომ მიტანის სერვისზე გადავიდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კვების ობიექტები მეტნაკლებად მომზადებული არიან იმისთვის, რომ მიტანის სერვისზე გადავიდნენ.

როგორც ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შეხვდება მიტანის სერვისის კომპანიების წარმომადგენლებს.

„კვების ობიექტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისზე. საღამოს შეხვედრა მაქვს მიტანის კომპანიებთან და ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი სერვისები. კვების ობიექტები მეტნაკლებად შემზადებულნი არიან. ასეთი გადაწყვეტილებით ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს ბიზნესს და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბევრ რამეზე ბიზნესი შეგნებულადაც ამბობს უარს იმის გამო, რომ მთავარი ამოცანაა მოქალაქეები დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან”,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.