რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონიდან მწვავე პაციენტების და მძიმე შემთხვევების მიღებაზე გადავიდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონიდან ჩვეულებრივ ფუნქციონირებაზე გადავიდა. მისივე თქმით, კლინიკა მწვავე პაციენტებს მიიღებს.

თავართქილაძის თქმით, კლინიკაში კარანტინის ზონაში მყოფი პაციენტები სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს და მხოლოდ 12 მათგანი რჩება რესპუბლიკურში, რადგან მათ სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

„ჩვენი კლინიკა საკარანტინო ზონიდან უკვე გადავიდა ფუნქციონირებაზე, როგორც ჩვეულებრივი კლინიკა. კარანტინის ზონებში გადანაწილებულები არიან ის პაციენტები, რომლებიც ჩვენთან დაკვირვებაზე იმყოფებოდნენ, ეს არის დაახლოებით 21 პაციენტი. ჩვენთან რჩება ამ საკარანტინო პაციენტებიდან 12, რადგან მათ სხვადასხვა პრობლემები აქვთ და საჭიროებენ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას და დაკვირვებას. მათგან არცერთი არ არის კორონავირუსით დაინფიცირებული“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

როგორც თეა თავართქილაძემ განმარტა, კლინიკაში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა დღეს დაახლოებით 8 პაციენტის ანალიზს გამოიკვლევენ.

„ამჟამად კლინიკა გადასულია უკვე მწვავე პაციენტების და მძიმე შემთხვევების მიღებაზე", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.