კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით. ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომლებიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას, მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას,- ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერების შესახებ ინიციატივას.
მინისტრი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს.
„მოგეხსენებათ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბოლო დღეებში მიიღო უპრეცედენტო ზომები, რომ დავეხმაროთ ბიზნესს და დავეხმაროთ ყველაზე მეტად მოწყვლად ინდუსტრიებს. ჩვენ კვლავაც ვიხილავთ სხვადასხვა დარგის პრობლემატიკას და მზად ვართ ოპერატიული რეაგირებისთვის. სრულიად საზოგადოება კონსოლიდირებულია ამ გამოწვევის წინაშე, რაც სწორია. ამ ფონზე ალბათ, ძალიან ბევრი ინიციატივის მომსწრე გავხდებით, რაც წამოვა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, პოლიტიკოსები რაოდენ კეთილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, პასუხს მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე აგებენ და ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და შესაბამისად, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა. ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა, გადავლახავთ, მაგრამ დროსთან დაკავშირებით არ გვაქვს ზუსტი სურათი, აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი ნაბიჯი რესურსულად სწორად უნდა გავთავლოთ. როგორ და რანაირად მოვახერხებთ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას და რა იქნება ამის დაფინანსების წყაროები.
კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით. დღეს ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომლებიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას. მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას. კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ პენსია და პენსიონერები არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, ყველა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ განცხადებებს“, - აღნიშნა მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება სხვადასხვა კერძო ობიექტების, მათ შორის სპორტული კომპლექსების დეზინფექციის საკითხს, მინისტრის თქმით, ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტს შესაბამისი რეკომენდაცია მიეცა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები თავისი კომპეტენციის შესაბამისად უწევენ სიტუაციას მონიტორინგს.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სავალდებულო საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.