„საქართველოს ბანკი“ მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის - მობილ და ინტერნეტბანკით ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე შესრულდება

„საქართველოს ბანკი“ მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის. როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შემცირდეს პირისპირი ინტერაქციები, ამიტომ ყველა ფიზიკურ პირს ბანკი სთავაზობს სესხზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას, სახლიდან გაუსვლელად.

„ამავე მიზნით გადავდივართ ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზეც, რაც გულისხმობს ფილიალების ნაწილის თვითმომსახურების სერვისცენტრებად გადაკეთებას და ციფრული არხების გააქტიურებას.

ამ ყოველივეს ფარგლებში:

  • მომავალი ორი თვის განმავლობაში ფიზიკური პირები შეძლებენ, მობილბანკით და ინტერნეტბანკით ნებისმიერი ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შესრულებას;
  • ყველა ექსპრეს სერვისცენტრი (მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა) გადავა თვითმომსახურების რეჟიმზე;
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები ჩვეულებრივ იქნება ხელმისაწვდომი და სველი წესით გაიწმინდება დღეში სამჯერ;
  • სატელეფონო მომსახურება განაგრძობს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში;
  • სურვილის შემთხვევაში შეძლებთ ისარგებლოთ სტანდარტული ფილიალებითა და SOLO ლაუნჯებით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები.

საქართველოს ბანკი არ ჩერდება და ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას,“-ნათქვამია განცხადებაში.

თაია არდოტელი