იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 700-მდე მოხალისე მობილიზებულია და ისინი სწრაფ გადამზადებას გაივლიან. წულუკიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მოხალისეების გამოყენება მოხდება.
„დაახლოებით, 700-მდე მოხალისე, როგორც დღევანდელ დილის თათბირზე ითქვა, მობილიზებულია. მათ, რა თქმა უნდა, სწრაფი გადამზადება დასჭირდებათ და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი ველზე გაშვება“, - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სასამართლოში საეჭვო სიმპტომების მქონე პატიმრებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოსამართლეების თანაშემწეებისგან, ადვოკატებისგან იღებენ, რის გამოც წულუკიანი მათ მადლობას უხდის.
„დავებზე, სადაც სამინისტროები სასამართლოში მხარეები ვართ, მაქსიმალურად გვაქვს ხელშეწყობა პროცესების გადავადებასთან, გადადებასთან, ან ზეპირი მოსმენის გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოები მაღალი ხარისხის თანამშრომლობას აჩვენებენ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოსამართლეებს და მოსამართლეების თანაშემწეებს, ყველას გადავუხდი საჯაროდ დიდ მადლობას, რადგან არაერთი ინფორმაცია იყო, რომ სასამართლო დარბაზში მყოფ პატიმარს აღენიშნებოდა საეჭვო სიმპტომები. ჩვენ შევიტყვეთ სწორედ მოსამართლეების თანაშემწეებისგან, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს, ასევე ადვოკატებმაც და გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთის წინ, დარბაზში საეჭვო სიმპტომის მქონე პატიმარი ჰყავდათ. სწორედ, ასე შევძელით ჩვენ, რომ ამგვარი პატიმრები შეგვეჩერებინა ციხის პერიმეტრთან და არ დაგვეშვა პენიტენციურ დაწესებულებებში. ამიტომ ყველა მოსამართლეს, მათ თანაშემწეებს, ადვოკატებს თანამშრომლობისთვის ვუხდი დიდ მადლობას“, - განაცხადა წულუკიანმა.