მანქანების ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს

”აუცილებელია განისაზღვროს, თუ რა სტანდარტით მოხდება მანქანების შემოწმება, როგორი იქნება პირობები და ა.შ”

საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1-ლი მარტიდან შევა ძალაში. ამგვარი რეკომენდაციით ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა. საბჭოს სხდომა გუშინ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელზეც საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ეკონომიკურ საბჭოზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტი ”ახალი აბრეშუმის გზა”, რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება 2015 წლის 1-ლი მარტიდან აღდგებოდა. ქვეყანაში რეგისტრირებულ 900 ათას ავტმობილს 22 სერვის-ცენტრი მოემსახურებოდა. ტექდათვალიერების ღირებულება კი, დაახლოებით, 50 ლარის ფარგლებში იქნებოდა.

სხვათა შორის, ტექდათვალიერების ერთბაშად შემოღებას ექსპერტები იმთავითვე არ ეთანხმებოდნენ. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტის, დავით მესხიშვილის აზრით, სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა კარგია, თუმცა იმისათვის, რომ ეს პროცესი მოსახლეობისთვის პრობლემური არ აღმოჩნდეს, კარგი იქნება, თუ ერთბაშად არ შემოიღებენ. აუცილებელია განისაზღვროს, თუ რა სტანდარტით მოხდება მანქანების შემოწმება, როგორი იქნება პირობები და ა.შ.

”საქართველოში ტექდათვალიერება რეალურად არ არსებობდა. იმას, რაც ადრე იყო, უბრალოდ, ერქვა ტექდათვალიერება. შეიძლება ითქვას, პირველად შემოდის ეს მექანიზმი, მაგრამ წარმოუდგენელია, ის იყოს ევროპული სტანდარტის, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას ავტომობილების მხოლოდ 20% გაივლის. თუ შემოგვაქვს ქართული სტანდარტი, აქვე ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ შემოგვყავს ევროპული კომპანია, რომელიც ევროპულ სტანდარტს იცავს? მეორე და ასევე მთავარი პრობლემაა საწვავის ხარისხი. შეიძლება ჩემი მანქანა სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ საწვავის ხარისხია დაბალი და კატალიზატორი მის სრულად წვას ვერ ახერხებს.

ამიტომ აუცილებელია მთავრობაც მოემზადოს და მოხდეს საწვავის ხარისხის გაკონტროლებაც. მძღოლებს კი უნდა მივცეთ გონივრული ვადა, რომ მათ ავტომანქანების მოწესრიგება შეძლონ. უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა გაუმართავი ავტომობილების შემოყვანაზეც და ა.შ.” - განუცხადა ”რეზონანსს” დავით მესხიშვილმა.

მარი ლიკოკელი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”