ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიცოცხლე, თქვენი შვილებისა და ოჯახის ჯანმრთელობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
„რაც შეეხება იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ“ ოფისებს, აქ მინდა მივმართო საზოგადოების ყველა წევრს და კიდევ ერთხელ ვთხოვო დაბეჯითებით, რომ თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. მიუხედავად ჩემი და მთავრობის ამ მიმართულებით არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის თანმხლები ბავშვებით. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით თუ არ არის სერვისის მიღების გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავებული გამოწვევების წინაშე. ვინაიდან ქვეყანაში უკვე არსებობს ე.წ. მესამეული გადადების პრეცედენტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ მომდევნო დღეებში დაიწყონ მსჯელობა იმაზე, არის თუ არა ეს ობიექტები საერთოდ დასაკეტი. მისივე თქმით, დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებენ, თუმცა მათ მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა სჭირდებათ.
„იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდა დოკუმენტის ასაღებად, მინდა მოვუწოდო, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტაცია და ნუ მიაყენებნ შეურაცხყოფას იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მათ ამასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემენ, რადგან ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირადობის მოწმობის გატანა ძალიან შორს დგას სიცოცხლისგან და სიცოცხლე არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, ვიდრე ნებისმიერი პირადობის მოწმობის გატანის სერვისი. ჩვენ ამ მხრივ ვაწყდებით გამოწვევებს და ჩემი ვალია კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ დავიცვათ ის მკაცრი წესები, რომლებიც არის შემოთავაზებული. მე იმედი მაქვს, რომ ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მომდევნო დღეებში დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი. დღეს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, ვაგრძელებთ სერვისის გაცემას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოქალაქეებისგან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა“, - აღნიშნა წულუკიანმა.