სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა „ნაიკმა“ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, საკუთარ მაღაზიებს კეტავს.
ამერიკის გარდა, „ნაიკის“ მაღაზიები კანადაში, დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, 16-დან 27 მარტის ჩათვლით დაიხურება. იმავდროულად, კომპანიის მაღაზიები სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ჩინეთის უმეტეს რეგიონებში, მუშაობას კვლავაც გააგრძელებენ.
მარტის დასაწყისში, „ნაიკმა“ თავისი ევროპის მთავარი ოფისი დაკეტა, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
უფრო ადრე, ტანსაცმლის რიტეილერმა „ურბან აუტფიტერსმა“, რომელსაც პოპულარული ბრენდები - „ანთროპოლოჯი“ და „ფრი პიპლ“ ეკუთვნის, მთელს მსოფლიოში საკუთარი მაღაზიების 28 მარტამდე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა ისეთი რიტეილერები, როგორებიცაა „მეისის“ „საკს ფიფთ ავენიუ“ და GAP-ის „ბანანა რეპაბლიკი“, საკუთარი მაღაზიების ქსელების გაჩერებას ჯერჯერობით არ აპირებენ და მუშაობას გააგრძელებენ.