მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო,მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ წარადგენდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო საფინანსო ორგანიზაციებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლონ.
„თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიერ არაერთგზის გაჟღერებული თხოვნისა და მოწოდებისა, რომ მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, შპს ,,გლობუსმა“ და შპს ,,ფინანსურმა ბიურომ“ გაზარდა სასამართლოსადმი მომართვიანობა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, აღნიშნულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ.
თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა, ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.
იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ.
აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი“, -ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.