კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.
სასამართლო მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სასამართლოში მისვლისგან და სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური და საფოსტო სერვისებით. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეებს შეეძლებათ სასამართლოში ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის წარდგენა ამ დოკუმენტაციის სპეციალურ ყუთში მოთავსების გზით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ის ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ პროცესის მონაწილე პირებს.