ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას სამინისტროს შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება.
„ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ვებგვერდზე (www.mrdi.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) საშუალებით.
მოქალაქეთა განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების მსგავსი წესი გავრცელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზეც. სპეციალური ყუთის მეშვეობით კორეპონდენციას მიიღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.