მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც დღეს სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
უწყების ცნობით, შეხვედრას 20-მდე სამკერვალო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე სხვადასხვა სექტორს შეეხო, მათ შორის პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა პირბადეების ადგილობრივი წარმოების საკითხი.
ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეებსა და ზოგადად, ვირუსისგან დამცავ სხვა საშუალებებზე მსოფლიოში მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მსგავსი საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამკერვალო საწარმოებთან ერთად მიდის სხვადასხვა ნიმუშებისა და იმ მასალის დატესტვა, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის არის საჭირო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროცესში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია.
„გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამკერვალო კომპანიები, მათი მენეჯმენტი, თანამშრომლები დიდი გულისხმიერებით მოეკიდნენ ამ მოწოდებას.
„ზოგიერთმა მათგანმა იმის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, რომ უსასყიდლოდაც დაამზადებენ პირბადეებს. ეს არის თანადგომის კარგი მაგალითი, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და მინდა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.