ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით სატრანსპორტო კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდათ

COVID-19 -ის გავრცელების პრევენციის და ვირუსისაგან გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, ქუთაისის მერია შესაბამის ღონისძიებებს ყველა მიმართულებით ახორციელებს. ქუთაისის მერიის ცნობით, ქუთაისის მერის და ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიების შეხვედრის შემდეგ, შესაძლო ეკონომიკური და ფინანსური ზარალის შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიკრო ავტობუსების მფლობელ კომპანიებს შეუმცირდეს სატრანსპორტო მოსაკრებელი 50%-ით. ხოლო ავტობუსები სრულად გათავისუფლდნენ მოსაკრებლისგან.

მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებს არ მიიღონ მნიშვნელოვანი ზარალი, მგზავრების ნაკადის შემცირების გამო, რაც თავის მხრივ, განპირობებულია ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბაღებისა და სკოლების მუშაობის შეჩერებით და დაწესებულებათა უმრავლესობის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლით.

,,ქალაქში არ ფუნქციონირებს სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები. სატრანსპორტო კომპანიები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში ხელი შევუწყოთ მათ. მიკრო ავტობუსების მფლობელ კომპანიებს გავუნახევრეთ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობა, ხოლო ავტობუსები სრულად გათავისუფლდნენ სავალდებულო მოსაკრებლისგან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.