წარმოება შეუფერხებლად მუშაობს და დეფიციტი არ შეიქმნება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „პურის მრეწველთა კავშირის" ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ განაცხადა, რომ ვინაიდან ფულთან შეხების დროს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია, პატარა საცხობებში, თონეებში ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას.
მისივე თქმით, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი პურია, დაბინძურების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ამ პროდუქტის რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით ხდებოდეს.
როგორც დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანიების ნაწილი უკვე გადადის შეფუთვაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პარკების შეძენა დამატებითი ხარჯია კომპანიებისთვის, ისინი ამ ფინანსურ ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ და პროდუქტის გაძვირება არ მოხდება.
„პურის სტანდარტი ითვალისწინებს როგორც შეფუთულს, ისე შეუფუთავს, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანიათა უმეტესობა ცდილობს პური დახლებზე უკვე შეფუთული სახით მოხვდეს. ამისთვის პარკებიც შეიძინეს. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ბევრმა კომპანიამ დისტანციური თერმომეტრი შეიძინა, ამოწმებენ თანამშრომლებს, ჰიგიენური წესები გაამკაცრეს, ყოველ საღამოს მუშავდება ყუთები, სადაც პური თავსდება და ა.შ. მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თავად ადამიანებმა დაიცვან ჰიგიენური წესები პურის შეძენისას.
რაც შეეხება ფასს, ახლა ამაზე საუბარიც კი ნამეტანია, ამ ფინანსურ ხარჯს კომპანიები რა თქმა უნდა, თავის თავზე აიღებენ და პურის გაძვირება არ მოხდება. ამასთან, მარაგის მხრივაც მინდა ვთქვა, რომ წარმოება შეუფერხებლად მუშაობს და ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნება,“-აღნიშნა დოლიძემ.