რესტორნების ნაწილი, რომლებიც დღეიდან მუშაობას წყვეტს - „ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს“

რესტორნების ნაწილი დღეიდან, დროებით მუშაობას წყვეტს.

აღნიშნულის შესახებ მათი უმრავლესობა ინფორმაციას „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ გუშინ ახალი გადაწყვეტილებები გამოაცხადა. მათ შორის, რესტორნებსა და კაფე-ბარებს რეკომენდაციით მიმართეს, რომ საზოგადოებისთვის ღია მომსახურების გაწევაზე უარი თქვან და ე.წ. გატანის სერვისზე გადავიდნენ.

შედეგად მსხვილი რესტორნების გარკვეულმა ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და გადაწყვიტეს, რომ დროებით მუშაობა შეწყვიტონ. მათი ნაწილი მომსახურებას დღეიდან, 17 მარტიდან წყვეტს.

იმ ობიექტებს, შორის, რომელთაც დროებით მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: რესტორანი “ბერმუხა”, "ბარაკონი", „მუხამბაზი“, ფუნიკულიორის კომპლექსში მოქმედი ყველა ობიექტი: რესტორანი “ფუნიკულიორი”, კაფე “ფუნიკულიორი” და რესტორანი “ჩელა”; „ქართული სახლი“; „აჭარა ჯგუფის“ თბილისის სასტუმროებში (Rooms Hotel Tbilisi, Stamba Hotel, Holiday Inn Tbilisi, Fabrika Hostel) არსებული ყველა საზოგადოებრივი შიდა და გარე თავშეყრის ადგილი, მათ შორის რესტორანი „ლოლიტა“, სალობიე „ბია“; „ჭაშნაგირი“.

ამასთან, რესტორან „ბერმუხას“ განცხადების მიხედვით, რესტორანი 1 აპრილამდე დაიხურა. და ამ ეტაპზე გამოძახების სერვისიც შეჩერებულია.

თაია არდოტელი