ნენსკრა ჰესის მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა.
ეს თანხა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და კვლევებს მოხმარდა.
გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019-ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020-ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება.
280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე. ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში გაშვებიდან საქართველოს დამატებით 1,2 მლრდ კვტ/სთ ენერგიას მიაწვდის.
2019 წელი არცთუ მარტივი იყო „ნენსკრა ჰიდროსთვის“. ვინაიდან 2018 წელს პროექტი ძირითადმა სამშენებლო კომპანიამ დატოვა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხელახალი ტენდერი ჩატარდა, რომლის შედეგად გამოიკვეთა სამი პრეტენდენტი, მათგან ერთ-ერთი საუკეთესო წინადადებაც გამოკვეთილია და უახლოეს მომავალში დასახელდება გამარჯვებული კონტრაქტორი.
თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებს პროცესი არ შეუფერხებია – მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები „ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან“ ერთად დღესაც მიმდინარეობს. შენდება 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მონაკვეთი, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ძირითად სამუშაოებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. საუბარია, 120 მეტრის სიმაღლის კაშხლის, 30 კმ-მდე სიგრძის გვირაბისა და ძალოვანი კვანძის აგებაზე.
2020 წლის განმავლობაში ყველა ძირითადი კვანძის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის, ძირითადი გვირაბი, კაშხლის ფუნდამენტი, ბეტონის ქარხნები და სხვა დამხმარე საშუალებები. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პირველი გვირაბის გათხრა, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჰესი და გარემო
მეგაპროექტის თითოეული კომპონენტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია წარმოადგენს. ამ ნაწილში „ნენსკრა ჰიდროს“ ჩართული ჰყავდა გამოცდილი საერთაშორისო ორგანიზაციები შვეიცარიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ერთიანი დოკუმენტი - ნენსკრა ჰესის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს და გაეცნოს. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გარემოსდაცვითი ყველა რისკი და ამ რისკების მინიმიზაციის ღონისძიებები.
რა ღირს წყლით გენერირებული დენი?
რაც შეეხება ტარიფების საკითხს, რაც არაერთხელ მუსირებდა, მათ შორის, კრიტიკული კუთხით, ნენსკრა ჰესის ძირითად ფუნქციას იმპორტირებული ტარიფის ჩანაცვლება წარმოადგენს და ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მონაწილეობა და კონტროლი დიდია.
საუბარია როგორც სამშენებლო, ისე ოპერირების ეტაპზე. ნენსკრა ჰესის პროექტი განსხვავებულია ამ ტიპის პროექტებისგან. კომპანიამ მთავრობას კიდევ ერთი მოქნილი მექანიზმი შესთავაზა, რომლის საშუალებითაც, მთავრობა ტარიფის რეგულირებას პროექტის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს. რაც შეეხება გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, ეს იქნება მინიმალური, რაც ვერ გადაწონის იმ პრობლემას, რასაც ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ეწოდება – იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფთან შედარებით, ნენსკრას ტარიფი ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება. ნენსკრა ჰესი არის ადგილობრივი გენერაციის წყარო, მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში. ელექტროენერგია ქვეყნიდან იმ შემთხვევაში გავა თუ ჭარბი გენერაცია იქნება, თუ არა და ის საქართველოს მოთხოვნას მოხმარდება.
მეგაპროექტის უპრეცენდენტო სოციალური ეფექტი
„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერისა და ნაკრას ხეობებისთვის უპრეცენდენტო სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ხეობების მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ხე–ტყის მოპოვება–რეალიზაციით ირჩენდა თავს – ცნობისთვის, ეს ადგილები უკიდურესად მწირემიწიანია და წარმოუდგენელია იმდენი მოსავლის მოყვანა, რომ ოჯახი წლიდან წლამდე შეინახო.
„ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით, ჭუბერში უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია ადგილობრივი ამბულატორიის შენობას, ის თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის განახლება და სათანადოდ აღჭურვა.
ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები. გაიხსნა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. განხორციელდა მძიმე ტექნიკით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფის პროექტი. დასრულდა მიწის აღრიცხვისა და აღწერის პროგრამა. ნენსკრას ხეობაში მიწის ნაკვეთების 90%-მდე უკვე აღწერილია და მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტაციაც საჯარო რეესტრში წარსადგენად. გასული წლის მიწურულს დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზდობა ჩაერთო. პროგრამა უკვე დაასრულა პირველმა ნაკადმა. მონაწილეები „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებთან ერთად, მათივე ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა დეპარტამენტებში განაწილდნენ და ყოველდღიური შეხება ჰქონდათ კომპანიის მიერ წარმოებულ პროცესებთან.
გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაქმებას ანიჭებს უპირატესობას. დღეს პროექტზე 130 ადგილობრივია დასაქმებული. ისინი თვითონ აშენებენ და ხედავენ, როდის, რა სტანდარტითა და რა მიზნით შენდება ნენსკრა ჰესი. ჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სოციალური პროგრამების მეორე ეტაპი ხეობის მდგრად განვითარებაზე ზრუნვას ეხება რისთვისაც, „ნენსკრა ჰიდრო“ უზრუნველყოფს ადგილბრივი მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის განვითარებას, რაც მუდმივი შემოსავლის წყაროს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანია სოციალური პროგრამების ამ მიმართულებაზე უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იწყებს მუშაობას. იგეგმება სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, ტრენინგები, ფინანსური მონაწილეობა. უკვე არსებობს საპილოტე პროდუქტებიც.