"საპენსიო შენატანის რვა თვით შეჩერება იგივეა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული რეფორმა რვა თვით გვიან დაეწყო"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საპენსიო შენატანის რვა თვით შეჩერება იგივეა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული რეფორმა რვა თვით გვიან დაეწყო.

ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული ინიციატივა კრიზისული პერიოდის დაძლევაში ყველას დაეხმარება.

„ევროპული საქართველოს“ გუშინდელ ინიციატივას საპენსიო შენატანების შეჩერებასთან დაკავშრებით, გამოეხმაურნენ მთავრობის წევრები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, მზად არიან, რომ განიხილონ, რაც კარგია ქვეყნისთვის. მოგვიწოდა პასუხისმგებლობისკენ და მზად ვართ, როგორც მან თქვა, ასე მივუდგეთ და დამატებითი არგუმენტებიც გავცვალოთ. მინდა ვუთხრა მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ეს შეჩერება იგივეა, რეფორმა რვა თვით გვიან რომ დაეწყოთ. ეს ყველაფერი მათ გააკეთეს ხელისუფლებაში ყოფნიდან მეექვსე წელს. ამაზეა აქ საუბარი, რომ რვა თვით გადადონ აკრეფა და ეს ყველაზე კრიტიკული პერიოდი გავიაროთ ისე, რომ ყველას, ჩვეულებრივ ადამიანს, დასაქმებულს, დამსაქმებელს და ბიუჯეტსაც, დავუტოვოთ სახსრები.

ცნობისთვის, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.