საკარანტინო წესების დარღვევაზე მოქალაქეებს, შესაძლოა, სანქცია დაეკისროთ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დამუშავება სთხოვა. თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
„მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. კარანტინის წესის დარღვევის თითოეული შემთხვევა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და მათი წარმატებით მართვა შეძლო, წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ ახლა არ გავქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ვთხოვ, თქვენთან ერთად დაამუშავოს ცვლილებები, რომელიც ამისთვის იქნება საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი, გონივრული და პროფესიონალური პასუხი ყველა რისკზე, რამაც შეიძლება ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.