დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ამისთვის პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად.
„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული, ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამის გამო ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენი სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი ან საბაბი, პირიქით, დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მენეჯმენტი და მიდგომები პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს გადასვლა არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და პირველ რიგში მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.