პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია, რომ გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს“.
ამის შესახებ პრემიერმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ეს გადასვლა ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა. ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს“, - აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ თავდაპირველად გადადგმულმა ნაბიჯებმა თუ შეზღუდვებმა კარგად იმუშავა და იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვა დისკომფორტს იწვევს, ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„გამოწვევები იზრდება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავრობის პასუხი იქნება კიდევ უფრო მეტად მკაცრი“, - განაცხადა გახარიამ.