საკარანტინო და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე სანქციების შესახებ ინიციატივა დღეს დარეგისტრირდება

საკარანტინო და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე სანქცია შესაძლოა, ადმინისტრაციული პატიმრობაც იყოს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები დღეს საღამომდე დარეგისტრირდება. "საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება დაარღვიონ კარანტინის და თვითიზოლაციის წესები. ეს სამწუხაროდ, საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა, ვინც თვითიზოლაციაშია პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაჩქარებული წესით შევიტანთ ცვლილებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უკრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.