„ლარის გაუფასურება მსოფლიოში წარმოქმნილი აჟიოტაჟის შედეგია“ - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„კორონავირუსის ეფექტი არ არის პატარა ფაქტორი, პირიქით, ეს არის მაღალი შოკის ფაქტორი, რომელმაც არა თუ ლარზე, არამედ ამ მოლოდინებმა საფონდო ინდექსებზეც იმოქმედა და მათი ჩამოშლაც კი გამოიწვია. ანუ მთავარი პრობლემა იყო შოკის ეფექტი. ამ შოკმა გამოიწვია ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნა, რამაც იმოქმედა საერთაშორისო ინდექსების შემცირებაზე, შემდეგ ეს ეფექტი გადავიდა რუსეთზეც და კარგად ვხედავთ, როგორ გაუფასურდა მათი ვალუტა.
შესაბამისად, თუ საფონდო სეგმენტზე წარმოიქმნება პანიკა და უარყოფითი მოლოდინები, ეს რასაკვირველია საქართველოზეც მნიშნველოვანი დარტყმაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს საფონდო ბაზარი ქვეყანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება მსოფლიოში წარმოქმნილი აჟიოტაჟის შედეგია.“-აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა და დღესდღეობით ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3,01 ლარი ღირს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე