რომან კაკულია ბიზნესმენებს მიმართავს, პროდუქტების რეალიზაციაზე შიდა კონტროლი დააწესონ, რათა „25 კოლოფი წიწიბურას“ ერთიანად შეძენა ვერავინ შეძლოს

საქართველოში ყველა იმახსოვრებს იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აგებას ცდილობს და ნურავინ ჩაეწერებით ამ სიაში. მივმართავ ყველას, ვინც ახლა ცდილობთ, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლები დააყენოთ პირველ ადგილზე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისულ პერიოდში ბიზნესსექტორის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა მივმართო ყველა ბიზნესმენს, რომელიც საცალო ქსელებთან არიან დაკავშირებული. პასუხისმგებლიანი მიდგომა მინდა ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგების რეალიზებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. მაგალითად, ადამიანს რომ უნდა წიწიბურის ყიდვა, არ არის აუცილებელი 25 კოლოფი ერთიანად შეიძინოს. ეს შეზღუდვა შეიძლება ბიზნესმა თვითონვე გააკეთოს.

მინდა ასევე ყველას ვუთხრა, რომ თქვენ, ყველა, ვინც ბიზნესს აკეთებთ, ცხადია, ქვეყნის გარდა, ფიქრობთ თქვენი შვილების მომავალზე. მე მესმის ეს, მაგრამ შვილებს, ფინანსური რესურსების დატოვების გარდა, ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი კარგი სახელის დატოვება სამომავლოდ და საქართველოში ყველა იმახსოვრებს იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აგებას ცდილობს და ნურავინ ჩაეწერებით ამ სიაში. ყველას მივმართავ, ვინც ახლა ცდილობთ, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლები დააყენოთ პირველ ადგილზე. როდესაც გუშინ მოვიდა ჩემი მეუღლე სახლში, მოიტანა ერთი სპირტი და მითხრა, რომ მეტი არ მისცეს, ეს არის კარგი მიდგომა. ყველას შეუძლია დააწესოს ასეთი რამ. ვინც ახლა ეკონომიკაზე ზემოქმედებს, კერძო თუ სახელმწიფო სექტორი, მათი წვლილი არის ძალიან დიდი. მე ვთხოვ ყველას, რომ პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ამ ნიუანსს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.