ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ დაკარგული პოზიციების აღდგენა

ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ დაკარგული პოზიციების აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია დაბალანსებული ნაბიჯების გადადგმა, რადგან მთავრობისთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა.

„ახლაც ვხედავთ ყოველდღიურად ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შესუსტებული, ამიტომ ვცდილობთ ჩვენ დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საერთოდ შუქის ჩაქრობა და ასე ლოდინი ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ამას რა ფასი ექნება ყველაფერი რომ დასრულდება, ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სად იქნება?! ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა, მეორე გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დარტყმა ეკონომიკაზე იყოს შერბილებული. მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგები, მარაგების მართვა და ლოგისტიკა და მეოთხე პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო წესრიგი. ამ პრიორიტეტების მიხედვით, გვაქვს ყველაფერი დაყოფილი, გამოყოფილია პასუხისმგებელი ადამიანები და შესაბამისად, ვმოქმედებთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმისთვის, რომ ყველა ამ 4 პრიორიტეტის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ თანაბრად დაცულები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, თუ მთავრობა საჭიროებას დაინახავს არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს, არამედ იმაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

„ხომ გვესმის ყველას კარგად, რომ შეგვიძლია გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ გამოვიწვიოთ პანიკა და გაჩნდეს აბოლუტურად აუხსნელი მოთხოვნა ელემენტარულ პროდუქტებზე, მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ პანიკური პროცესები შეგვექმნას ორ დღეში, როდესაც ამის საფუძველი საერთოდ არ არსებობს. მარაგები არის საკმარისზე მეტი, მარაგების მართვა ხდება ნორმალურად და ამ ქსელებთან გვაქვს მშვენიერი ურთიერთობა. რეალურად ეს ყველაფერი 2 დღეში დადასტურდა, რომ პანიკური მოთხოვნების საფუძველი არ არსებობდა. გავიგე, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მოგვიწის კარანტინული პირობების მდგომარეობის გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრულად ინდივიდეუალური უფლებების შეზღუდვა. როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის, საგანგებო მდგომარეობას კი არა, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. თანამშრომლობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ერთმანეთზეც და ამ ქვეყანაზეც ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ამ ვირუსსაც გავუმკლავდეთ და შემდგომ აღდგენის პროცესი გავიაროთ ყველაზე სწრაფად. ეს არის ჩვენი ამოცანა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.