„სინერჯი კაპიტალი“ და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია „კორტექსი“ პარტნიორები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სინერჯი კაპიტალი“ ავრცელებს.
როგორც „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელის განვითარების დირექტორმა, თამი ჭითაშვილმა განაცხადა, კომპანიების დამატებას ჩვეული ტემპით აგრძელებენ.
„კიდევ ერთი ძალიან კარგი კომპანია შემოუერთდა ჩვენს პორტფელს, ქართული კედების მწარმოებელი კომპანია „კორტექსი“ (Cortex), რომელიც დამოუკიდებლობის, გამბედაობის, მიზანდასახულობის და შეუპოვრობის სიმბოლოდ არის ჩაფიქრებული. განვითარების ამ ეტაპზე, ჩვენ ერთობლივად დაგეგმილი გვაქვს საკუთარი წარმოების შექმნა და ასორტიმენტის გაფართოება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, „სინერჯი კაპიტალი“, ვაგრძელებთ კომპანიების დამატებას ჩვეული ტემპით. უბრალოდ დისტანციურად ვატარებთ გაცნობით შეხვედრებს. დღევანდელ სიტუაციაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ჩვენთვის ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერა და პრიორიტეტს სწორედ მათზე ვაკეთებთ“, - განაცხადა მან.