საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციებს, რომლებიც გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა, ჭარბვალიანობის შეზღუდვის კუთხით პოზიტიური შედეგები ჰქონდა და მიღებული შედეგებით ეროვნული ბანკი კმაყოფილია.
როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა,რეგულაციების გამარტივების მთავარი მიზანი ბიუროკრატიული ტვირთის შემცირებაა და დაკრედიტებას მნიშვნელოვნად არ დააჩქარებს.
„მოგეხსენებათ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო გასული წლის იანვარში ამოქმედდა. მისი შემოღების მთავარი მიზანი იყო ჭარბვალიანობის შეზღუდვა ფიზიკური პირებისთვის და დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მატერიალური პოზიტიური შედეგები ჰქონდა ამ ჩარჩოს შემოღებას. თუმცა ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ იყო საკმაოდ დროული და სწრაფად შემოღებული, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ტემპებით იზრდებოდა ფიზიკური პირების დაკრედიტება და დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს ტემპი დაუბრუნდა ნორმალურ დონეს, განსაკუთრებით იპოთეკური სესხებისთვის. წლის განმავლობაში როგორც ბანკებიდან ისე მოსახლეობიდან ვაგროვებდით შენიშვნებს, შეკითხვებს და დღეს უკვე გვაქვს კარგი წარმოდგენა რა გაუმჯობესებები შეიძლება შევიტანოთ ამ დებულებაში. ცვლილებების მთავარი მიზანია მოაცილოს ბიუროკრატიული ტვირთი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩართოს და რაც შეიძლება მოქნილი გახადოს დაკრედიტება, გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის ვცდილობთ, წესებზე დაფუძნებული ზედამხედველობიდან პრინციპებზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე გადავიდეთ და მეტი მოქნილობა შევუქმნათ ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს“, - განაცხადა ლეჟავამ.
მისივე თქმით, ეს ცვლილებები დაგეგმილი იყო.
„თუმცა განვითარებულ მოვლენებთან ერთად, ვგულისხმობ ვირუსს, ალბათ საკმაოდ დროულია და მიუხედავად სხვა პრიორიტეტებისა, გადავწყვიტეთ, რომ ეს ცვლილებები არ გადაგვედო“,-აღნიშნა სებ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციების წყალობით, ქართველი მომხმარებელი კორონავირუსის გამო არსებულ გლობალურ შოკს ნაკლები ვალით ხვდება ვიდრე ის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამდე შეხვდებოდა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც 2020 წლის 15 აპრილიდან შედის ძალაში. უფრო კონკრეტულად , იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი, უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი, სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე მცირდება, იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა, საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე, ასევე რეგულაციები აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია.