ხვალიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნულის მიუხედავად ისინი სახელფასო ანაზღაურებას უწყვეტად მიიღებენ.
„ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.
თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას ჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მოუწოდა მოსახლეობას განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს.
„ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - განაცხადა კალაძემ.