ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო.
მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.
“სამწუხაროა, რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა და კომპანია სახელმწიფოს მხრიდან არაერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავად, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, დღეს შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო და მათი უფლებები აღარ დაირღვეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.