ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კორონავირუსის ინფექციაზე კვლევების ჩატარება, თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციაზე, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ლაბორატორიაში და ასევე ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებების ზუსტად და ხარისხობრივად შესრულება არის მნიშვნელოვანი.
„25 იანვარს, როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრენები უნდა შეგვეჩერებინა ჩინეთის მიმართულებით, მაშინაც არ ყოფილა რეალური საფრთხე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინასწარ გადადგმული ყველა პრევენციული ღონისძიება, იძლევა იმ ეფექტურ შედეგს, რომელიც დღეს გვაქვს. რეალურად საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს ის 34 პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავს, ის დაფიქსირებული სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, ის გამკაცრებული ღონისძიებები და ამ ღონისძიებების ხარისხობრივად შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად," - განაცხადა ტიკარაძემ.