იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (83 მომხრე) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” შესატან ცვლილებას.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები, გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.
კანონპროექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მისცეს მითითება, რომლითაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შეადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები.