სოფელ გლდანში წყალსადენის მოძველებულ კომუნიკაციებს რეაბილიტაცია უტარდება

თბილისის საკრებულოსა და GWP-ის წარმომადგენლებმა სოფელ გლდანში წყალსადენის მაგისტრალურ მილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე და თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი სოფელ გლდანს ეწვივნენ და 26 მაისის ქუჩაზე 1200 მმ-იანი მაგისტრალური მილის განახლების პროცესი დაათვალიერეს.

როგორც GWP-ს წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს განუმარტეს, 26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ფაზაშია - უკვე ახლით არის შეცვლილი მაგისტრალური ფოლადის მილის კოროზირებული მონაკვეთის 220 მეტრი, დარჩენილი 50 მეტრის შეცვლა კი უახლოეს დღეებში დასრულდება, რასაც ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი და ახლად შეცვლილი მონაკვეთის ძირითად მაგისტრალთან მიერთება მოჰყვება.

GWP-ს წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში, წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება გლდანის მასივის, თემქის დასახლების ნაწილის, მუხიანის მიკრორაიონების, გლდანულასა და კონიაკის დასახლების მაცხოვრებლებისთვის.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სოფელ გლდანში, წყალსადენის მოძველებულ კომუნიკაციებს რეაბილიტაციას უტარებს. კერძოდ კი, ახლით იცვლება ფოლადის 1200 მმ-იანი VII მაგისტრალური მილდენის განსაკუთრებულად პრობლემური მონაკვეთი, რომელიც სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე გადის. მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად იყო კოროზირებული, რომ, პერიოდულად, ავარიული დაზიანებების მიზეზი ხდებოდა. 2015 წლიდან, რეაბილიტირებული VII მაგისტრალური მილდენით ასევე საიმედოდ მომარაგდება თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სოფლები - გლდანი, გორაუბანი, გიორგიწმინდა, მუხიანი 2, ავჭალა 2 და მათი მიმდებარე დასახლებები.