ნავთობის ფასი 30 დოლარზე დაბლა დაეცა

ნავთობის ფასები 30 დოლარზე დაბლა დაეცა, რასაც კორონავირუსის პანდემიის და მასთან დაკავშირებული რისკების გარდა, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაც განაპირობებს.

ბაზარზე მიწოდების შეკვეცასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო, საუდის არაბეთმა წარმოება და მიწოდება რეკორდულად გაზარდა, ასევე საკუთარ ნავთობზე ფასები დააგდო, რასაც ენერგომატარებელზე ფასის მკვეთრი დაცემა მოჰყვა.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობი 29.91 დოლარამდე გაიაფდა, დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასი კი 29.04 დოლარამდე შემცირდა. როგორც წესი, ამ ორი ძირითადი მარკის ნავთობის ფასებს შორის სხვაობა გაცილებით მეტია, მაგრამ ამჯერად ის მინიმუმამდე არის შემცირებული.

ნავთობის ვარდნის მორიგი პორცია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, შეერთებულ შტატებში რეცესია დაიწყოს. ეს ვარაუდი, მსოფლიო ეკონომიკის აქტივობის კლებითაა განპირობებული. გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საფონდო ბაზრები მკვეთრად დაეცა.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ დაბალი ფასების გამოყენებით, ნავთობზე საკუთარ სტრატეგიულ რეზერვებს შეავსებს. იგივეს აპირებენ სხვა განვითარებული ქვეყნების კომპანიები. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული რეზერვები ისედაც სავსეა, რაც ბაზარზე მიწოდების სიჭარბითაა გამოწვეული (სწორედ ამის დაბალანსება სურდა საუდეთს მიწოდების შეკვეცით, რაზეც რუსეთი ვერ დაიყოლია).