ქაღალდის საწარმომ „კრიალა“ ინფექციურ საავადმყოფოს ქაღალდის ჰიგიენური საშუალებები გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საწარმოდან აცნობეს, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის ჰიგიენური პროდუქციის ბრენდმა „კრიალამ“ ინფექციური საავადმყოფო დიდი რაოდენობის ქაღალდის ხელსახოცებითა და ტუალეტის ქაღალდებით მოამარაგა. „კრიალას“ წარმომადგენლები ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრს დღს ესტუმრნენ.
„ჩვენ ვიაზრებთ იმ რთულ ვითარებას, რაც დღესდღეობით არსებობს მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ ქაღალდის ჰიგიენურ პროდუქციაზე ბოლო ქვეყანაში დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი რესურსი იქითკენ მიგვემართა, სადაც ამის განსაკუთრებით დიდი საჭიროება დავინახეთ, ეს ადგილი სწორედ ინფექციური საავადმყოფოა, ადგილი, სადაც სამედიცინო სფეროს პროფესიონალები თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების გამოსაჯანმრთელებლად და, ლოკალურ დონეზე, COVID19-ის დასამარცხებლად. ჩვენ თითოეული მათგანი ძალიან გვეიმედება და ვცდილობთ, ამ მიმართულებით ჩვენი სიმბოლური წვლილიც შევიტანოთ“, - განაცხადა კომპანია „კრიალას“ გენერალურმა მენეჯერმა, ალექსი სტროგანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირერების 34 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა და ამჟამად თვითიზოლაციის ეტაპს გადის.