მსოფლიოში საავტომობილო ბრენდებს გაყიდვები უკვე 20%-ით შეუმცირდათ - რა ხდება ქართულ ბაზარზე

მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, საავტომობილო გაყიდვები გლობალურად, თითქმის 20%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა სიტუაციაა ამ კუთხით საქართველოში და შემცირდა თუ არა ავტომობილების გაყიდვები.

როგორც „ბიზნესპრესნიუსსთან“ საუბრისას „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განაცხადეს, კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ავტომობილების გაყიდვები საქართველოშიც შემცირდეს. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მხრივ, გაყიდვების კლების სტატისტიკაზე დაზუსტებით საუბარი ჯერ ნაადრევია.

საქართველოში „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერის „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის ინფორმაციით, ავტომობილების გაყიდვების პროცესზე კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი უარყოფითი ზეგავლენა ჯერჯერობით 30%-ის ფარგლებში მერყეობს.

„ტოიოტას“ ოფიციალური დილერისთვის უფრო საგულისხმო მომდევნო თვეები იქნება, იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბებს მიიღებს კორონავირუსის გავრცელება საქართველოში. შესაბამისად, კომპანიისთვის გაყიდვების კლებისა თუ გაყიდვების არსებული მდგომარეობის შენარჩუნების სტატისტიკა მომდევნო თვეებში მეტად იქნება გამოკვეთილი.

როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას, „მერსედეს-ბენცის" ცენტრში აცხადებენ, ავტომობილების გაყიდვის კუთხით კლების ტენდენცია საქართველოშიც შეიმჩნევა.

„ვფიქრობ ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და კლების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც შეიმჩნევა, თუმცა ვფიქრობთ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაყიდვების რაოდენობის მხრივ კლების დინამიკა აისახა ჩვენ კომპანიაზეც. კლების ტენდენცია ბოლო ორი კვირაა, რაც დაიწყო და თუ შევადარებთ გასული წლის მარტის თვის მონაცემებს (1-17 მარტი) კლება გვაქვს -20%. იგივე ვითარებაა სერვის მიმართულებითაც.

აქვე ავღნიშნავ, რომ იანვარ-თებერვალთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ით შემცირებულია შოურუმში ვიზიტორების რაოდენობაც.“ - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო მთელს მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვები მცირდება. ყველაზე მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება ჩინეთის ბაზარს დაეტყო, სადაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი ავტომობილების გაყიდვები თებერვალში 80%-ით შემცირდა. გაყიდვები 10%-ით შემცირდა იაპონიაშიც, 18%-ით კი სამხრეთ კორეაში.

თებერვალში მცირედით იზარალა დასავლეთ ევროპის ბაზარმა, სადაც 6,5%-ით ნაკლები ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე გასული წლის თებერვალში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი კლება 4,5%-ი იყო, სამხრეთ ამერიკაში 4,5%-იანი კლება, ჩრდილოეთში კი 8,3%-იანი მატება დაფიქსირდა.

2020 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ახალი ავტომობილების გაყიდვებმა მსოფლიოში 11,565 მილიონი შეადგინა, რაც 14,8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

ლიკა ამირაშვილი